თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს სააპელაციოს გადაწყვეტილებას, ეს მედიის დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს-ასეთ შეფასებას არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ.
რუსთავი 2-ის საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განცხადებითაც გამოეხმაურა.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საქმის პოლიტიკურ მოტივზე. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით ტელეკომპანიის მფლობელობის შესახებ ქვედა ინსტანციებში მიღებული გადაწყვეტილებები მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს პლურალისტურ მედია გარემოზე.
საკითხის იმდაგვარად გადაწყვეტა კი, როგორც ამ ინსტანციებში მოხდა, პრობლემურია მომავალში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ დავებთან მიმართებაშიც. მათი განცხადებით, არსებულ ვითარებაში რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის და ჟურნალისტების დაცვა ქვეყნის ინტერესებში უნდა იყოს.
"თუკი გადაწყვეტილება იქნება მიღებული არა რუსთავი2-ის სასარგებლოდ, ამ, შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ყოველთვის წინ დაუდგება სასამართლო სისტემას, მაშინ როდესაც იქნება საკუთრებასთან დაკავშირებული დავები ასევე ცუდ გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია, რომლის მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა, ხალვაშზე ამ ტელევიზიის გადაცემა ეს ნამდვილად არ არის სამართლიანობის აღდგენა,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.