რუსთავი 2-ის საქმე სასამართლოს გადასაწყვეტია და ის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას-ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა პარლამენტის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის მიხედვითაც საქმე დიდ პალატას გადაეცა.
უმრავლესობის ნაწილის განცხადებით, ხელისუფლება არ ერევა სასამართლოს საქმიანობაში და ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
„ჩემი აზრით, გადაწყვეტილება ერთადერთ რამეს უსვამს ხაზს, რომ სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ, ჩარევის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას თავის მოქმედებებთან დაკავშირებით. ამიტომ ვნახოთ რას გადაწყვეტს დიდი პალატა. ფაქტია, რომ თქვენი საქმე გაივლის ყველა ინსტანციას, რაც კი ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაც კი შეიძლება გაიაროს იმისთვის, რომ შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.