19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
"რუსთავი2"-ის საქმე და ზეწოლა მოსამართლეებზე - მმართველი გუნდი ბრალდებებს უარყოფს

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ, საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან.

გამოხმაურებები სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს მოყვა. 

თადუმაძე, რომელიც ენმ-ის ლიდერების ინფორმაციით, ერთ-ერთია მმართველი გუნდიდან, რომელიც უშუალო კონტაქტშია მოსამართლეებთან. ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ არასდროს არც ერთ მოსამართლესთან არანაირი კომუნიკაცია არ ქონია.

„არცერთი მტკიცებულება ნაციონალური მოძრაობის იმ წევრს, რომელმაც ჩემი გვარი გააჟღერა ამ მიმართულებით, არ წარმოუდგენია. აბსოლუტური აბსურდია მისი განცხადება. არასდროს არცერთ მოსამართლესთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, გამორიცხულია მე რომ მოსამართლესთან მქონდეს რაიმე სახის კომუნიკაცია.

მე არცერთ მოსამართლესთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ მქონია, შესაბამისად არც უფლებამოსილება გამაჩნია, რომ რაიმე სახის კომუნიკაცია მქონდეს," - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვანო ზარდიაშვილს ეხებოდა, აბსურდს უწოდებს ეკა ბესელია. 

"ბრალდება ყველაფერზე შეიძლება ისმოდეს და იქსი და იგრეკი წყარო, რაღაცა ინკოგნიტო ამბობს, რომ შესაძლოა ზეწოლა ხორციელდებოდეს. ოთხი გვარი მოვისმინეთ, ახლა მეხუთე. შემდეგი მე-6 გვარი ვინ არის? მე სერიოზულად ამ კითხვას ვიღებ უკაცრავად," - განაცხადა ბესელიამ. 

მმართველი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი სოფო კილაძე კი განცხადებებს შეთქმულების თეორიებს უწოდებს.  

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ინფორმაციით, შალვა თადუმაძე, თეა წულუკიანი და ოთარ ფარცხალაძე ზეწოლას ახდენენ მოსამართლეებზე, რათა მათ გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე 30 ნოემბრამდე მიიღონ. 

დღის ამბები