19 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ნიკა გვარამია პროკურატურას მიმართავს და ხალვაშის მიერ წარდგენილი ყალბი დოკუმენტაციის შესწავლას ითხოვს

რუსთავი  2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს შეისწავლონ, რუსთავი 2-ის საქმეზე, ქიბარ ხალვაშის მიერ წარდგენილი ყალბი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რევაზ ბერიაშვილი იყო რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორი. გვარამია, ამ პირისა და სამხარაულის ექსპერტიზის თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. 

"მივმართავთ პროკურატურას შეისწავლოს ქიბარ ხალვაშის ყალბი დოკუმენტაცია,  
მოვითხოვთ პასუხისგებაში მიცემას იმ ადამიანის, ვინც ეს დოკუმენტები შეადგინა, ეს არის ვითომ, რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, რომელიც არ ყოფილა არასდროს დირექტორი, რევაზ ბერიაშვილი. ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელმაც ყალბი დასკვნა ერთ დღეში გააკეთა. ეს მოთხოვნები პროკურატურაში და უზენაეს სასამართლოში დღესვე შევა,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს პროკურატურის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ამ საქმეს სხვა პერიოდში გამოიძიებენ.

"ჩვენ არ გვაქვს პროკურატურის ადეკვატური საქმიანობის იმედი, თუმცა ეს განცხადება პროკურატურაში თაროზე შემოიდება. ყველა თოფი კედელზე დაკიდებული აუცილებლად ისვრის ბოლოს. ამ საქმესაც მოჰყვება ადეკვატური გამოძიება აუცილებლად, დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, მაგრამ აუცილებლად მოჰყვება,"- აცხადებს გვარამია. 

აქვე გვარამიამ კიდევ ერთხელ მიმართა მოსამართლეებს და მოუწოდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და არ შევიდნენ კომუნიკაციაში ხელისუფლებასთან. 

"მოსამართლეების ადეკვატურობის იმედი გვაქვს ჯერ კიდევ. ნუ შევლენ კომუნიკაციაში ხელისუფლებასთან. ნუ შევლენ კომუნიკაციაში ზონდერებთან. გადაწყვეტილება მიიღონ სინდისის შინაგანი რწმენის, საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად ეს არის თხოვნაც და მოთხოვნაც. ასე სჭირდება ჩვენს მომავალს ჩვენ და ჩვენს შვილებს,"- განაცხადა გვარამიამ. 

დღის ამბები