ვინ არის ვანო ზარდიაშვილი, რომელსაც არსებული ინფორმაციით რუსთავი 2-ის საქმის "მოგვარება" აქვს დავალებული.
ვანო ზარდიაშვილის CV-ის მიხედვით მისი სამსახურეობრივი კარიერა წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. 2004 წელს ის თბილისის საოლქო სასამრთლოში მუშაობდა, შემდეგ იუსტიციის სამინისტროში, ამის შემდეგ კი უშიშროების სამინისტროში, შემდეგ პროკურატურაში, თბილისის მერიაში და საქალაქო სასამართლოში.
ახალი ხელისუფლების პირობებში, ანუ 2012 წლის შემდეგ 34 წლის ზარდიაშვილი ჯერ აუდიტის სამსახურში, შემდეგ კი ქართული ოცნების საარჩევნო სიაში, 28-ე ნომრად მოხვდა და ახლა დეპუტატის მანდატი აქვს.
ოლიმპიური ვარსკვლავის კომპლექსის გარდა, დღეს უკვე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის სახელზე მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში 6 ბინაა გაფორმებული. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 8 ბინიდან მის ქონებრივ დეკლარაციაში ორი შეტანილი საერთოდ არ არის.
დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ მან ბანკიდან 131 000 დოლარის სესხი აიღო და ეს თანხა მალევე წინმსწრებად დაფარა. ამავე დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, მისი ოჯახის ყოველწლიური შემოსავალმა 100 000 ლარს მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე მიაღწია.
ქართული ოცნების საპარლამენტო სიის 28-ე ნომერზე მასალები გაზეთმა ქრონიკა პლიუსმა ჯერ კიდევ ზაფხულში მოამზადა, სადაც ბოლო 4 წლის განმავლობაში, ზარდიაშვილის სწრაფ კარიერულ ზრდაზე არის საუბარი. გაზეთის რედაქტორის ინფორმაციით, მმართველი გუნდის წევრს მფარველობას სუს-ის მაღალჩინოსნები უწევენ.
რუსთავი 2-ის სატელეფონო ზარებს ვანო ზარდიაშვილი მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა. სატელეფონო კომენტარი მან სხვა ტელეკომპანიებთან გააკეთა. სამაუწყებლო კომპანიის დირექტორის კონკრეტულ ბრალდებას, რუსთავი 2-ის სამქესთან მისი კავშირის შესახებ ახალი მოწვევის პარლამენტის წევრი ასე გამოეხმაურა.
"ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა შეიძლება ითქვას. საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა რატომ მაკავშირებს იმ ხალხთან. არცერთ მოსამართლეს ამ საქმის განმხილველს არ ვიცნობ. არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ინსტანციის. ერთადერთი გვარამიასგან რაც მაქვს სიმართლე მოსმენილი არის ის, რომ ხელიც მისი რომ იყო და ფეხიც, დანარჩენი სრული აბსურდის თეატრია,"- განაცხადა ზარდიაშვილმა.
ვანო ზარდიაშვილის ქონებრივი დეკლარაციის სანახავად მიყევით ამ ბმულს.
ავტორი: ეკა გაგუა.