უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან 2006 წელს ნინო გვენეტაძე ნიკა გვარამიას მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გვენეტაძეს მაშინ დისციპლინარულ გადაცდომებში დასდო ბრალი. სწორედ ამ მიზეზის გამო ითხოვენ რუსთავი 2-ის იურისტები შუამდგომლობაში გვენეტაძის საქმიდან ჩამოშორებას. რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელის გადაწყვეტისას ის მიუკერძოებელი ვერ იქნება.
დიდ პალატაში გვენეტაძის გარდა რუსთავი 2 კიდევ 3 მოსამართლის აცილებას ითხოვს. ერთ-ერთი პაატა სილაგაძეა, რომელსაც 2016 წლის 24 ივნისს საჯაროდ საკუთარი პოზიცია რუსთავი 2-ის საქმეზე დაფიქსირებული აქვს.
"თუკი სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება და მხარეს მიაწვდის ამ გადაწყვეტილებას დროულად, მხარის ინტერესებშიც ხომ არის, რომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება და გაიგოს რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება სასამართლომ, ხო? ამ მხრივ, მე მგონია, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება განხორციელდა და არანაირი უფლება არ შეილახა არცერთი მხარის,"- აცხადებდა სილაგაძე.
მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობაში დევს მზია თოდუას აცილების არგუმენტებიც. მოსამართლეს ნიკა გვარამიამ საჯაროდ ჯერ კიდევ ზაფხულში მიმართა, როდესაც საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. რუსთავი 2-ის იურისტები თვლიან, რომ თოდუას წარსული საქმიანობა და ის ფაქტები რითიც ირკვევა რომ ის ქართული ოცნების შემომწირველია, საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ სადავო საქმეზე ის მიუკერძოებელი ვერ იქნება.
კიდევ ერთი ვის აცილებასაც რუსთავი 2 ითხოვს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეა. ნიკა გვარამიამ ჩინჩალაძეს კვალიფიკაცია საჯაროდ რამდენჯერმე დაუწუნა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით ის მცხეთის ყოფილი პროკურორის მოსამართლედ დანიშვნას, სწორედ მისი დაბალი კვალიფიკაციის გამო საჯაროდ წლების წინაც ეწინააღმდეგებოდა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.