19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ოცნება "რუსთავი 2-ის" საქმესთან კავშირს გამორიცხავს, კვირიკაშვილს კი შესაძლოა ბრიუსელში ამ თემაზე განმარტებები მოსთხოვონ

იოჰანეს ჰანმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გააკეთა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ფორუმი მიმდინარეობს. ევროკომისარმა ჰანმა არ გამორიცხა, რომ რუსთავი 2 იქნება საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა.

მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებით დაინტერესებას არ გეგმავს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია. მან მის მოადგილესთან, ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები დღეს უპასუხოდ დატოვა. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისა და ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობაში კი ეჭვი შეაქვს.

შეთქმულების თეორიაზე საუბრობს მმართველი გუნდის მეორე ნაწილი. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ რუსთავი 2-ის წარმომადგენლების შეშფოთება გადაჭარბებულია.

მმართველი გუნდის არგუმენტები დამაჯერებელი არ არის საპარლამენტო უმცირესობისთვის. ნაციონალური მოძრაობის წევრები, ამტკიცებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ქიბარ ხალვაში სასარგებლოდ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

რუსთავი 2-ის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს პატრიოტთა ალიანსის ლიდერსაც, თუმცა ირმა ინაშვილი არხის გენერალური დირექტორის მიერ დღეს დასახელებულ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით დამატებით არგუმენტაციას და მტკიცებულებებს ელოდება.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ის წევრებს, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმის განხილვებს პირველივე ინსტანციიდან ესწრებოდნენ, ხელისუფლების ინტერესებში ეჭვი არ შეაქვთ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.








დღის ამბები