19 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ველოდები, რომ ნიკა გვარამია ამის შემდეგ მე დამასახელებს - ეკა ბესელია

მმართველი გუნდი რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს მოუწოდებს,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები დაასახელოს და შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს.

ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ რუსთავი2-ის საქმეზე მსჯელობა ბრიუსელშიც ასოცირების საბჭოს შეხვედრის ფარგლებშიც გაიმართოს, თუმცა ხელისუფლებაში დარწმუნებული არიან, რომ პლენუმი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

„ველოდები, რომ ნიკა გვარამია, ალბათ, ამის შემდეგ მე დამასახელებს, მოგვყვება ნელ-ნელა.  მე არ ვიხილავ უკვე სერიოზულად ამ ტიპის განცხადებებს და, როდესაც ამ ბრალდებები ისმის, მან როგორც ყოფილმა პროკურორმა, ნამდვილად უნდა უწყოდეს, რომ საჭიროა უფრო მაღალი სტანდარტის მტკიცებულება, ვიდრე მითითება სანდო წყაროზე, რომელსაც არ ასახელებს,“ -განაცხადა ეკა ბესელიამ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ დავაში მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი უხეშად ერევა. ოპოზიცია რუსთავი2-ის წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას 30 ნოემბერს ელოდება.

„ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ახალი პარლამენტის წევრია, არის ეკა ბესელიას მოადგილე და, როგორც ჩანს, ცდილობს, გავლენა მოახდინოს სასამართლოზე. ეს არის სრულიად უკანონო და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ცდილობს, გააკონტროლოს სასამართლო და მოიპოვოს მისთვის საჭირო გადაწყვეტილება, რაც არის იმ რუსთავი2-ის დახურვა და გაუქმება, რომელსაც დღევანდელი მაყურებელი იცნობს,“ - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თინა ბოკუჩავა. 

დღის ამბები