„ეს არის ტელეკომპანიის დირექტორის მხრიდან მიზანმიმართული ნეგატიური პიარკამპანია და ფსიქოლოგიური ტერორი, ზეწოლა კონკრეტულ ადამიანებზე,“ - ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ ვანო ზარდიაშვილის მისამართით ნიკა გვარამიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე გააკეთა.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, არგუმენტების და ფაქტების გარეშე ადამიანისთვის რაღაცის დაბრალება, არის ზეწოლა.
„ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა მტკიცებულებაზე საუბარი არ არის, არგუმენტიც არ არსებობს, არ შეიძლება. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ადამიანს დააბრალო ის, რასაც ბუნებაში ადგილი არ აქვს, ეს არაფრით არ შეიძლება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვანო ზარდიაშვილი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ოთახში იმყოფებოდა. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუშინ რუსთავი2-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ვანო ზარდიაშვილს ესაუბრა.
„გუშინდელ სიუჟეტთან დაკავშირებით, რაც იყო ფსიქოლოგიური ტერორი კონკრეტული ადამიანის, პარლამენტარის, კონკრეტული მოსამართლეების, ზოგადად სისტემის წინააღმდეგ ვანოს ვესაუბრე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ რუსთავი2-ის საქმე პოლიტიზირებულია.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე