საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
მმართველი გუნდის წევრების თქმით, სასამართლო ყოველგვარი მითითების გარეშე, თავად გადაწყვეტს როგორ წარმართოს საქმე, მათ შორის გაიმართოს თუ არა ზეპირი მოსმენა.
„ვინც ვინმეზე ზეწოლას ახორციელებს ეს სამწუხაროდ ნიკა გვარამიაა. იმიტომ, რომ ის ახორციელებს ფსიქოლოგიურ ტერორს როგორც სასამართლოს წარმომადგენლებზე, ასევე ახლა გადმოწვდა პარლამენტის წევრებს და რაღაცნაირად ცდილობს, რომ მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, სასამართლოს წარმომადგენლები ამ თავის მონაგონ ამბავში გარიოს,“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.
რაც შეეხება ევროკავშირის ანგარიშში რუსთავი 2-ის საქმის მოხვედრას, უმრავლესობის შეფასებით, იქ არ არის უარყოფითი კონტექსტი და მასში ფაქტებზეა საუბარი.
„ნათქვამია, რომ საკანონმდებლო რეგულირება მედია სივრცის არის ძალიან გახსნილი და ძალიან კარგად არის შეფასებული. კარგად არის ცნობილი ის პროცესები, რაც მიმდინარეობს თქვენს ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, თუმცა მეც არაერთხელ მითქვამს, მიმდინარეობს დავა, უნდა მოხდეს განხილვა უზენაეს სასამართლოში, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
საპარლამენტო უმცირესობის აზრით, კი ევროპელი კოლეგები აცნობიერებენ რუსთავი 2-ის მიმართ ხელისუფლების დაინტერესებას, რაც ამ ანგარიშითაც გამოიკვეთა.
„ჩვენი პარტნიორები სრულად ახორციელებენ იმ საფრთხეს, რაც შეიძლება დაემართოს საქართველოს რუსთავი 2-ის დახურვის შემთხვევაში. აქ წყდება არა მხოლოდ რუსთავი 2-ის ბედი, წყდება სიტყვის თავისუფლების ბედი და ეს იქნება ის წერტილი, რომელიც ფაქტობრივად დაანგრევს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას,“-განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა.