19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
„დგახართ საფრთხის წინაშე, გადაიქცეთ ისეთივე დეკორაციად, როგორც პუტინს ჰყავს მორჩილი საკონსტიტუციო უმრავლესობა" - სამადაშვილი

„თქვენ დგახართ საფრთხის წინაშე, რომ გადაიქცეთ ისეთივე დეკორაციად ამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის, როგორც რუსეთის სათათბიროში პუტინს ჰყავს მორჩილი საკონსტიტუციო უმრავლესობა,“- ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სესიაზე უმრავლესობის მისამართით რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ევროპული მხარე გიორგი კვირიკაშვილს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დაუსვამს შეკითხვებს. 

„სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმე შექმნის ძალიან სერიოზულ შეშფოთებას ჩვენს ქვეყანაში მასმედიასთან და მედია პლურალიზმთან დაკავშირებულ საკითხებში, ეს პირდაპირ აისახება ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალზე,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა მმართველ გუნდს შეახსენა, როგორ დამთავრდა რუსეთში ნტვ-ს წართმევა. უმრავლესობამ კი ნაციონალურ მოძრაობას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედიასთან ურთიერთობა შეახსენა. 

„სწორედ მათ დროს იხურებოდა ტელევიზიები,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის, ლევან კობერიძის თქმით, მედიის თავისუფლების ზღვარი არ გადის რუსთავი 2-ის საქმეზე.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

დღის ამბები