ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, პრემიერი ევროპაში პირველი ვიზიტით იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ბრიუსელში რამდენიმე შეხვედრა გამართა. თუმცა, შეხვედრები ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შესაბამისად, უცნობია გამართულ შეხვედრებზე იყო თუ არა განხილული რუსთავი 2-ის და მედია პლურალიზმის საკითხები, რომელიც ევროკავშირის ასოცირების შესრულების ანგარიშში მოხვდა.
არც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და არც ევროპელ დიპლომატებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ. ერთადერთი, ვინც ვიზიტის და უკვე გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძეა.
დოლიძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის თემა შეხვედრებზე არ განხილულა და ევროპელ დიპლომატებს ამ შეხვედრების დროს არც კითხვები დაუსვამთ და არც კრიტიკული პოზიცია დაუფიქსირებიათ.
მეტიც, ვიქტორ დოლიძე განმარტავს, რომ საქართველოში, ისე როგორც არასდროს მედია თავისუფალია და ამაზე კითხვის ნიშნები არავის აქვს.
2 დეკემბერს კი ბრიუსელში ასოცირების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. არ არის გამორიცხული, სწორედ ამ სხდომაზე მოუწიოს გიორგი კვირიკაშვილს რუსთავი 2-ის შესახებ საუბარი და მკაცრი პოზიციების მოსმენა ევროპელი დეპუტატების მხრიდან.
ავტორი თამარ ნუცუბიძე, თამარ ჭავჭავაძე.