06 მაისი 2024,   16:07
ვრცლად
ინტერნეტით ISIS-ის პოზიციების დაბომბვის არაოფიციალური კადრები ვრცელდება

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე ყველაზე გამანადგურებელი იარაღით მიყენებული იერიშის პირველი არაოფიციალური კადრები, ინტერნეტით გავრცელდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ ვიდეო მასალა ამერიკელი სამხედროების იერიშს ასახავს, რომლებმაც პაკისტანის მოსაზღვრე, ნან-გარ-ჰარის პროვინციაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციები გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რომ ისლამისტი მებრძოლების მიწისქვეშა გვირაბების გასანადგურებლად ამერიკელმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს GBU-43-ის ტიპის ბომბი, რომელსაც სხვაგვარად ბომბების დედად მოიხსენიებენ.

ბომბების დედა შეერთებული შტატების არსენალში ყველაზე უფრო მძლავრია ბირთვული იარაღის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშს ათეულობით ისლამისტი რადიკალი ემსხვერპლა.

აჩინზე შეტევა მესამე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია გახდა, რომელიც შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა დონალდ ტრამპის მეთაურობით ჩაატარეს. მანამდე იყო იემენის ავიაიერიში და ყველაზე რეზონანსული ოპერაცია სირიის სამთავრობო ძალებზე.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ერთგვარი გზავნილი უნდა გახდეს ჩრდილოეთ კორეისთვის, რომლის ნაპირებსაც ავღანეთის იერიშის პარალელურად, ამერიკული ავიამზიდი მიუახლოვდა.

ავტორი: თეა თეთრაშვილი 

დღის ამბები