06 მაისი 2024,   15:58
ვრცლად
თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციული ზონის მოწყობის ნაცვლად, მერიას მასშტაბური მშენებლობა სურს

თბილისის ზღვის ტერიტორიის 23 ჰექტარზე რეკრეაციული ზონის მოწყობის ნაცვლად, მერიას მასშტაბური მშენებლობა სურს. 4 მილიონიანი პროექტი მრავალსართულიან კორპუსებს ითვალისწინებს, ამის შესაძლებლობა კი კომპანია გრინ სითის არქიტექტურის სამსახურმა მისცა. დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციური მშენებლობა ისე დააანონსა, რომ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე არცერთი სპეციალისტის შენიშვნა არ გაითვალისწინა.

ევროპული საქართველოს წევრის მიერ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საკრებულომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადადო. შესაბამის კომისიაში დღეს ამ პროექტის განხილვაზე გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორიც მიიწვიეს და შეთანხმდნენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები მათთან გაიმართება. არქიტექტორები პროექტის არა კორექტირებას, არამედ მის არსებით შეცვლას ითხოვენ.

გენერალური გეგმის ავტორებმა  შენიშვნები ოფიციალური წერილის საშუალებით თბილისის მერიას ჯერ კიდევ გასულ წელს მიაწოდეს. რამდენიმე თვის განმავლობაში არქიტექტურის სამსახურმა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გაითვალისწინა, რაც სპეციალისტების შეფასებით, საკმარისი არ არის.

იტყვის თუ არა თბილისის თვითმმართველობა უარს ზღვის ტერიტორიის ქაოტურ განვითარებაზე, ჯერ უცნობია. პროექტი საბოლოოდ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები