11 მაისი 2024,   07:11
ვრცლად
ცოდნის დონე სკოლებში - საერთაშორისო და სამთავრობო კვლევები მძიმე სურათს აჩვენებს

საერთაშორისო და სამთავრობო კვლევები სკოლებში ცოდნის დონის მხრივ მძიმე სურათს აჩვენებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია თიმსის თანახმად, მე-8 კლასელთა 58% მათემატიკაში დაბალ და უდაბლეს საფეხურზეა, ხოლო ბუნებისმეტყველებაში ამ ორ საფეხურს მოსწავლეთა 62% იკავებს, მათგან 32% ცოდნის დაბალ საფეხურზეა, 30% კი - დაბალს მიღმა.

მიუხედავად კვლევებისა, განათლების მინისტრის მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო სასკოლო განათლების საშუალო მაჩვენებლით ევროპის მოწინავე სკოლებს ჩამორჩება, სწორ გზას ადგას და პროგრესი სახეზეა.

როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო კვლევით სწავლის დონე ქართულ სოფლებში მკვეთრად უარესია, ვიდრე თბილისში.

საერთაშორისო კომპანია პიზას შეფასებით, სხვაობა 2.5 წელია, ანუ სოფლად საშუალო მერვეკლასელის ცოდნა თბილისელ მე-5-მე-6 კლასელის ცოდნას უტოლდება.

ცოდნის დონეში მნიშვნელოვანია განსხვავება კერძო და საჯარო სკოლებში. სახელმწიფო გამოცდებზე დაყრდნობით, მაგალითად, მათემატიკაში კერძო სკოლების მოსწავლეთა 38%-ია დაბალ და უდაბლეს საფეხურზე, როცა საჯარო სკოლებში ეს მაჩვენებელი 61%-ია.

 

 

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი

დღის ამბები