13 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე - არ მგონია, რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა უკანონო

"საელჩოებს და დონორებს მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ თავს დაესხან საქართველოს პოლიციას და ისაუბრონ უკანონო დაკავებაზე, რაც არის თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და ქართულ პოლიციაზე, ჩახედონ ვიდეოებს, აქციის მონაწილეებში ამოიცნონ საკუთარი ენჯეოები და მათ ელაპარაკონ, რატომ გადააქციეს მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, უკანონო დაკავებების შესახებ ბრიტანეთიოს საელჩოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საელჩოები რატომღაც ჩქარობენ, განსაკუთრებით უნდა დაფიქრდნენ, ვინაიდან მათი დაფინანსებული ენჯეოები არიან აქციების ძალადობრივ ფაზაში გადამყვანები.

"არ მგონია, რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა არის უკანონო. ასეთი შეცდომები ამ საელჩოებს არაერთხელ დაუშვიათ. ეს შეცდომები დაუშვეს 2019 წლის 20 ივნისს, მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 აპრილის შეთანხმებაში თავს მოგვახვიეს და ჩაგვაწერინეს, დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ყოფილიყო ამნისტია. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ თურმე ეს ყოფილა თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე და თურმე ეს ყოფილა დანაშაული. ასევე საელჩოების ჩარევით მოხდა მართლმსაჯულებაში ჩარევა. იგივე ვნახეთ შარშან, მარტის და სხვა აქციების დროს.

საელჩოები რატომღაც ჩქარობენ და განსაკუთრებით უნდა დაფიქრდნენ, ვინაიდან მათი დაფინანსებული ენჯეოები არიან ამ ძალადობრივი აქციების მონაწილეები და აქციების ძალადობრივ ფაზაში გადამყვანები. გაიხსენეთ, ვინ მოუწოდებდა სცენიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომ მომხდარიყო პარლამენტის ბლოკირება, რაც თავისთავად კანონდარღვევაა. ამ ბლოკირებას რომ მოყვება შემდეგ პოლიციასთან კონტაქტი და ვნახეთ, რომ ძალადობაზე გადავიდნენ აქციის წარმომადგენლები, ეს ხომ გათვლადი იყო ამ ენჯეოს წარმომადგენლებისთვის? კარგი, პირველ ჯერზე ვერ გათვალეს, მეორე დღეს ხომ იცოდნენ, რომ მათ მოწოდებას ასეთი ქმედებისთვის აქციის წარმომადგენლების ძალადობა მოყვებოდა? ასე რომ, ამ საელჩოებს და დონორებს მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ თავს დაესხან საქართველოს პოლიციას და ისაუბრონ უკანონო დაკავებაზე, რაც არის თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და ქართულ პოლიციაზე, ჩახედონ ვიდეოებს, აქციის მონაწილეებში ამოიცნონ საკუთარი ენჯეოები და მათ ელაპარაკონ, რატომ გადააქციეს მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად. ასე არ გამოვა, რომ პასუხისმგებლობას გაექცნენ დონორები. ზუსტად მათი პასუხისმგებლობაა, როდესაც მათი ენჯეოები მშვიდობიან აქციას აქცევენ ძალადობრივად, რადგან ერთი - მათი დაფინანსებით მოქმედებენ, მეორე - მშვიდობიანს რომ ეძახიან ამ აქციას, კიდევ უფრო ახალისებენ, რომ გაიმეორონ იგივე ქმედებები. ზუსტად ეს გვქონდა ჩვენ ახლა, ამ დღეებში - ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც უწოდეს მშვიდობიანი და შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაუმატეს მეორე დღეს და პარლამენტის შტურმს აწყობდნენ აქციის წარმომადგენლები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები