16 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ელჩების პირველი განცხადებები მოვისმინეთ მაშინ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო, ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, პირველი გამოკვეთილი ძალადობის აქტი იყო ალეკო ელისაშვილის ძალადობა, რაც არამხოლოდ არ დაგმო არავინ, პირიქით, რამდენიმე ტელევიზიამ და სხვადასხვა სუბიექტმა ფაქტი მოიწონა კიდეც, ორმაგი სტანდარტები კი, მისივე თქმით, მიუღებელია.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთან მიმდინარე შეხვედრისას, ძალადობის მიუღებლობის კონტექსტში   განაცხადა.

"გახსოვთ კონკრეტული პოლიტიკოსების და ჟურნალისტების და სხვების გამოხმაურებები - ისინი ღიად იწონებდნენ ძალადობრივ ფაქტს. შემდეგ ეს ყველაფერი გაგრძელდა ჟურნალისტებზე ძალადობით, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ძალადობით. "პოსტვ-ის“ ჟურნალისტზე განხორციელდა ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა, რამდენიმე ათეული "ორკი" პირდაპირ დაესხა თავს 20 წლის ახალგაზრდა გოგოს და მასზე მიდიოდა ფსიქოლოგიური ძალადობა. ამის შემდეგ გახსოვთ ხელოვანებზე და სპორტსმენებზე მიდიოდა ბულინგი. ათასობით მესიჯი მისდიოდათ, პირდაპირი ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც არავინ გაემიჯნა. ასევე იყო პოლიტიკოსებზე ფსიქოლოგიური ძალადობა. როცა მოძალადეს უწოდებ და ასეთ ეპითეტებს იყენებ, მიუღებელია", - აღნიშნა კობახიძემ.

როგორც პრემიერმა განაცხადა, შემაშფოთებელია, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტებს არცერთი დიპლომატი არ გამოხმაურებია. მისივე თქმით, მათი პირველი განცხადებები გუშინ მოისმინეს, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო.

"მინდა გავიხსენო ისიც, რომ ამ ძალადობის ფაქტებს არცერთი დიპლომატი არ გამოხმაურებია, რაც შემაშფოთებელია. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. ჩვენ პირველი განცხადებები გუშინ თუ გუშინწინ მოვისმინეთ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მათ შორის მოძალადეებზეც და ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ამისგან და ორმაგი სტანდარტებისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. ელჩებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები