ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ამ პასუხისმგებლობით და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიციირება სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.
"შეგახსენებთ, რომ საქართველოში იყო რევოლუციის ორი მცდელობა, ჯერ 2020-21 წლებში, გახსოვთ PVT-ის გაყალბება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე საერთო შეფასების გაყალბება მთელი რიგი არასამთავრობოების მიერ, რასაც კინაღამ მოჰყვა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ იძულებული დავხვდით, ხელი მოგვეწერა პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თუ ვერ მივიღებდით თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს. მოკლედ, აშკარად გამოკვეთილი რევოლუციური მცდელობა ვიხილეთ, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე. ასევე, გახსოვთ, რომ 2022 წელს პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციები ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და პირდაპირ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათ მონაწილეობით ე.წ ტექნიკური მთავრობის ფორმირება. პირდაპირი ლუსტრაცია მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნების, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და შეუთავსებელია არასამთავრობო ორგანიზაციის არსთან და მიზნებთან", – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2016 წლიდან ერთადერთი მშვიდი წელიწადი 2017 წელი იყო და ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვაა, რაც დიდწილად ქვეყანაში რყევების შემოტანას ხმარდება.
"ყველას გახსოვთ, რა ვითარებაში ჩატარდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, იყო ე.წ. პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი. 2018 წელს გახსოვთ, რა გარემოებებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. შემდეგ გახსოვთ 2019 წლის ივნისი. შემდეგ ჯერ კოვიდი იყო 2020 წელს და კოვიდს დამთავრება არ აცალეს, უმძიმესი არჩევნები იყო 2020 წელს თავისი შემდგომი გაგრძელებით. 2021 წელი ქვეყანამ გაატარა მუდმივად რიგგარეშე არჩევნების თემის პირობებში, იყო მუდმივი პოლარიზაცია. შემდეგ 2022 წელს დაიწყო ომი და ომთან ერთად კიდევ უფრო გაღრმავდა პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ივნისში პირდაპირი რევოლუციის მცდელობა იყო და მთელი 2023 წელი, ვიდრე არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მუდმივად ხდებოდა პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავება ქვეყანაში. 2016 წლიდან მოყოლებული, ერთადერთი 2017 წელი იყო, როცა ქვეყანა ცხოვრობდა მშვიდად. ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი არის სწორედ ის, რომ გაუმჭვირვალედ იხარჯება შესაბამისი თანხები და ეს თანხები დიდწილად სამწუხაროდ ხმარდება სწორედ ასეთი რყევების შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობით და ამ კანონის ინიციირება ემსახურება სწორედ ამ ძალიან პრინციპულ ამოცანას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა და ერთხელ და სამუდამოდ ეს ე.წ პოლარიზაცია ჩავაბაროთ წარსულს და გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.