16 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ფარული ჩანაწერების საქმეზე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი გამოკითხვაზე იმყოფებოდა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი, გიორგი მოსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით მიიყვანეს. უწყების დატოვების შემდეგ, მედიასთან საუბარი არ ისურვა, თუმცა განმარტება გააკეთა მისმა ადვოკატმა. პასუხებიდან ირკვევა, რომ მედიაში გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის გარდა, მოსიაშვილის მიმართ გამომძიებლებს სხვა კითხვებიც ჰქონდათ, რომელიც აქციების მიმდინარეობას ეხება.

საუბრის ჩანაწერი, რომელიც სააგენტო for.ge-მ გაავრცელა, საპროტესტო მოქმედებების სხვადასხვა გზებით გამწვავებას, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძების ბლოკირებას და დაუმორჩილებლობას ეხება. ამ მასალის მიხედვით, ორიდან ერთი მოსაუბრე გიორგი მოსიაშვილია, მეორე პირი იდენტიფიცირებული არ არის. დიალოგის დროს, სავარაუდოდ, ნახსენებია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი.

ამავე ჩანაწერში აღწერილია გეგმა, თუ როგორ უნდა მივიდეს პროცესი რევოლუციამდე. პირი, რომელიც ინფორმაციის წყაროს მითითებით გიორგი მოსიაშვილია, ერთდროულად რამდენიმე უწყების პიკეტირების და პოლიციის ძალების გამოფიტვის აუცილებლობაზე საუბრობს.

"გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენელმა, გიორგი მოსიაშვილმა, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაბარებამდე, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩანაწერის შინაარსი მონტაჟის და სიტყვების ერთმანეთზე მიკერებით არის შედგენილი. აქვე ამბობდა იმასაც, რომ გმირთა მოედნის პარალიზების გეგმა ისედაც საჯაროდ გაცხადებული იყო. ამგვარი განმარტების მიუხედავად, ჩანაწერს, რევოლუციური სცენარის დამატებით მტკიცებულებად განიხილავენ ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე.

ჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიცია. გარდა ამისა, დეპუტატების ნაწილი მის შინაარსს სერიოზულად არ განიხილავს. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელისუფლების დამხობის მოწოდებები პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არ ყოფილა და ცალკეული აქტივისტების მსჯელობა ნაკლებად საინტერესოა.

ჩანაწერის შინაარსი საყურადღებო და საფრთხის შემცველია უმრავლესობის წევრი დეპუტატების აზრით. მეტიც, ისინი სამართლებრივი რეაგირების მოლოდინში არიან. ამასთან, მორიგ ჯერზე ოპოზიციას ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობაში ადანაშაულებენ.

აუდიო ჩანაწერი, სადაც "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი გიორგი მოსიაშვილი ფიგურირებს, სააგენტო For.ge-მ დღეს გაავრცელა. ამავე პლატფორმაზე ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ფარული მასალა გავრცელდა, სადაც ოპოზიციონერი ლიდერების და აქტივისტების საუბრები იყო გაშიფრული. შინაარსი მეტწილად აქციების დაფინანსების მეთოდებს და პროტესტის გამწვავების ფორმებს ეხებოდა.

დღის ამბები