27 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა - დღეს საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას დაამტკიცებენ

საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის ტექსტი, რომელსაც დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე კენჭი უნდა ეყაროს, ცნობილია.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი მის ერთგულებას. მასში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ვალდებულებები.

„ორი დღის განმავლობაში არა ერთი გზავნილი გაჟღერდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ყველა იმ რეფორმის მიმართ, რასაც ჩვენ ვატარებთ,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

„ყველამ იცის, რა პრობლემები აქვს სასამართლო სისტემას, რომ ხდება სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსი, რა პრობლემები აქვს მედიას, რა პრობლემებია პოლიტიკურ დევნილებთან დაკავშირებით და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებზე,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

დეკლარაციის სამუშაო დოკუმენტში ნატოს მთავრობებსა და პარლამენტებს ასამბლეა მოუწოდებს, გააღრმავონ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად.

სესია, სადაც დოკუმენტი უნდა მიიღონ სასტუმრო ჰუალინგში დილის 9 საათზე დაიწყება.

დღის ამბები