300 ათას ლარამდე ზარალი - ასეთია "რუსთავი 2"-ში გაჩენილი ხანძრის პირველადი შეფასება. ხანძარი სამაუწყებლო კომპანიის მთავარი ოფისის ცენტრალურ ნაწილში გაჩნდა. ეს ის ადგილია, სადაც მთავარი საკომუნიკაციო არხები გადის და ტელევიზიის სამი მთავარი სტუდია ერთმანეთს უკავშირდება. მეხანძრეების მოსვლამდე, ცეცხლის ჩაქრობა ტელევიზიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს. სისტემური ხარვეზის გამო რამდენიმე წუთით გაითიშა "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა.
ხანძრიდან რამდენიმე წუთში, ტელევიზიის ყველა სტუდიაში, სამონტაჟოებსა და "კურიერის" ნიუსრუმის ძლიერი დაკვამლიანება მოხდა, მაუწყებლობის განახლება ტელესტუდიებიდან შეუძლებელი იყო. "კურიერი" სპეციალური გამოშვებით ეთერში ტელევიზიის ეზოდან გავიდა.
ხანძარმა "რუსთავი 2"-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დამწვარია კომპიუტერული ტექნიკის ნაწილი, დეკორაციები, განათებები და ელექტრო ხელსაწყოები. არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი ტელევიზიის ახალი ამბების სტუდიაზე გავრცელებულიყო, საიდანაც ეთერში "კურიერი" გადის.
წინასწარი დათვლებით, მხოლოდ დაზიანებული ტექნიკის ღირებულება 100 ათასი ლარია, ამას ემატება განადგურებული დეკორაციების ღირებულება.
ადგილზე გვიანობამდე იმყოფებოდნენ თბილისის მერობის კანდიდატები. ისინი ხელისუფლებას მომხდარის დროულად გამოძიებას სთხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.