20 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდთან დაკავშირებით მმართველი გუნდის უარს ეხმიანება

ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგზე უარი თქვა. მმართველმა გუნდმა პოზიცია პარტიებს წერილობით შეატყობინა და მიზეზად ოპოზიციის მიერ წარდგენილი მოთხოვნები დაასახელა. 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ კონსესუსის მზადყოფნა ქართულ ოცნებაში არც ყოფილა. პოლიტიკოსების განმარტებით, კონსტიტუციის გადასინჯვა მხოლოდ ერთპარტიული ინტერესების შესაბამისად, ძალაუფლების გასამყარებლად ხდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ოლიგარქიული რეჟიმის დაკანონება სურს.

„ხელისუფლებას შერჩება ერთპარტიული ქაღალდი, პარტიული წესდებასავით რაღაც წარმონაქმნი, რომელიც მიმართულია ერთადერთ მიზანზე, მაქსიმალურად გაიხანგრძლივონ საკუთარი არსებობა ხელისუფლებაში და დააკანონონ ოლიგარქია ქვეყანაში. ხელისუფლება აშკარად დამარცხდა ამ ბრძოლაში იმიტომ, რომ აშკარად გამოჩნდა, რომ ის ამბობს დიალოგზე უარს და არა ოპოზიცია,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, აცხადებს, რომ მმართველ გუნდი ოპოზიციის ერთიანობას არ მოელოდა.

„მათ გადაწყვიტეს ასეთი უსუსური მცდელობა გაეკეთებინათ და ჩვენთვის დაებრალებინათ დიალოგის ჩაშლა,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

პარლამენტის საშემოდგომო სესიამდე ორი კვირით ადრე გამართული შიდა კონსულტაციების შემდეგ, უმრავლესობა შეთანხმდა, რომ პოლიტიკური ოპონენტების პოზიცია ულტიმატუმია და ამდენად მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდს აზრი აღარ აქვს.

დღის ამბები