18 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, კონსტიტუციის ძირითად დებულებებზე პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია

გიორგი მარგველაშვილის სამუშაო შეხვედრა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დასრულებულია. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ქვეყნის პირველ პირთან შეაჯერეს ერთობლივი პოზიცია, რომლითაც პრეზიდენტის წარმომადგენელი წარდგება ხვალ ვენეციის კომისიაზე. თუმცა რა პოზიციაა ეს, ოპოზიციური პარტიები არ აკონკრეტებენ. 

„რა პოზიციაა, მოდით ხვალისთვის დაველოდოთ და შესაბამისად გაჟღერებული იქნება ვენეციის კომისიის სხდომაზე. თავის მხრივ ევროპული საქართველო რჩება თავის პოზიციაზე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არსებული რედაქციით კონსტიტუციის პროექტი არის კრიზისების დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებზეა მორგებული.

„ქვეყანა არის ჩიხში, კონსტიტუცია არის დაუბალანსებელი, ეს არის კრიზისების დოკუმენტი,“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა.

პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, უმთავრეს დებულებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პოზიცია მაინც უცვლელია.

მმართველ გუნდს კი საქართველოს პრეზიდენტი გუშინ შეხვდა. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პირველ პირს საკონსტიტუციო ცვლილებების ის პუნქტები შესთავაზა, რომლის შეცვლას პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან. საუბარია ბარიერის დაწევასა და კონსტიტუციიდან ბლოკების ამოღების საკითხზე.

თუ პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს ამ სახით გადააგზავნის, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს და ვეტოს არ დაძლევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები