26 დეკემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ეს არის ივანიშვილის მარიონეტების მხრიდან უნიჭო დაშინების მცდელობა, ამით კოტე იოსელიანს ვერ შეაშინებენ- თინათინ ბოკუჩავა

თბილისის საკრებულოსთან დაკავებულმა პირებმა ღამე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს იზოლატორში გაატარეს. გვიან ღამით ისინი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა და ადვოკატებმა მოინახულეს.

უფლებადამცველების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი თორნიკე ბიკაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია - ნაცემია, რაც მათივე მტკიცებით, იზოლატორში სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა. დაკავებულებს პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ.

“მათ შემოხეული აქვთ ტანსაცმელი, უჩივიან ძალადობის ფაქტებს მათ მიმართ. ერთ-ერთი დაკავებული თორნიკე ბიკაშვილი გახლავთ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, სამგორის მაჟორიტარული ოლქიდან, მას აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი. მიგვაჩნია, რომ მათ მიმართ არ არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოპოვებული რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც გაამართლებდნენ მათ დაკავებას, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას და სავარაუდოდ სასამართლო მათ მიმართ გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა.

მათთან ერთად იმყოფებოდა დეპუტატი თინათინ ბოკუჩავაც, რომელმაც დეპუტატის უფლებამოსილებით ისარგებლა და იზოლატორში მოთავსებული მეუღლის სანახავად შევიდა.

"ეს არის ივანიშვილის მარიონეტების მხრიდან უნიჭო დაშინების მცდელობა. ამით კოტე იოსელიანს ვერ შეაშინებენ, ვერც ჩვენ შეგვაშინებენ. კოტეს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, იქ ისეთი სიტუაცია იყო მეც სერიოზულად დაჟეჟილი ვარ. პოლიციელები  პირდაპირ ძალადობდნენ, გვჭყლიტავდნენ და კოტე საერთოდ გაიტაცეს პოლიციელების ბრბომ მიზანმიმართულად,"-აცხადებს ბოკუჩავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული სულ 9 პირია, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული 14 ადამიანია. მათ შორის რიგით მოქალაქეებთან ერთად არიან პარტიის წევრები და თბილისის მაჟორიტარობის სამი კანდიდატი.

დღის ამბები