03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
არასამთავრობოები მთავრობას მესამე სექტორზე ზეწოლას არ ურჩევენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ სამოქალაქო სექტორზე ხელისუფლების მხრიდან მზარდ ზეწოლაზე ბრიფინგზეც გააკეთეს კომენტარები. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის საქმიანობის შესწავლის თაობაზე ამ სექტორში მოღვაწე ყველა ორგანიზაცია შეაშფოთა.

განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდა, საერთაშორისო დონეზე საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობენ.

„ყოფილმა პრემიერმა გამოყო სამი ორგანიზაცია. ბუნებრივია, მათი მიუკერძოებლობის ხარისხი არის ძალიან მაღალი, მთელ მსოფლიოში ისენი არიან გამოკვეთილი და გამორჩეული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების და ეს ორგანიზაციები, ბუნებრივია, იღებენ ორი ტიპის დახმარებას - ერთს თავად მოქალაქეებისგან და მეორეს ცალკეული ფონდებისგან, სადაც ხდება თავისუფალი კაპიტალის აკუმულირება,” - განაცხადა ქორიძემ.

ხელისუფლებისთვის სახიფათო ნაბიჯად აფასებს არასამთავრობო სექტორზე ზეწოლას თორნიკე შარაშენიძე. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტი ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა წინა ხელისუფლებას არჩევნებში დამარცხებით დაასრულა.

„მიკვირს, როცა გარკვეული პირები პირდაპირ სდებენ არასამთავრობოებს კორუფციაში ბრალს. ეს ის არასამთავრობოებია, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ 2012 წელს არჩევნები ჩატარებულიყო კარგად,” - განაცხადა შარაშენიძემ.

დღის ამბები