21 დეკემბერი 2024,   20:08
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს პოლიტიკური შოუს მოწყობაში ადანაშაულებენ

პარლამენტში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები უკვე დარეგისტრირებულია. საუბარია 4 პუნქტზე, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იცვლება.

განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მოსალოდნელ ცვლილებებს ოპოზიცია ბოიკოტს უკვე უცხადებს.

„ახლა დამთავრდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი და იწყება ისევ კონსტიტუციის გადასინჯვა რითაც "ქართული ოცნება" აღიარებს, რომ მიიღეს ცუდი კონსტიტუცია. ჩვენ ხელს შევუწყობდით კონსტიტუციის გაუმჯობესებას, რომ ამ გადასინჯვის პროცესში მზად იყოს ხელისუფლება და "ქართული ოცნება" იმაზე, რომ რეალური დიალოგი გაიმართოს იმ საკვანძო საკითხებზე, რასაც მთელი ოპოზიციური სპექტრი და მათ შორის „ევროპული საქართველოც“ ვაყენებდით ეს არის პროპორციული სისტემით 2020 წლის არჩევნების ჩატარება და ქართველი ხალხისთვის იმ უფლების დატოვება, რომ მან თავად აირჩიოს პრეზიდენტი,“-განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობაც.“ პარტია ამ პროცესში ჩართვის აზრს ვერ ხედავს.

„რომელი კომისია ყოფილა ისეთი, სადაც ოპოზიციის აზრი ყოფილიყოს გათვალისწინებული. თუნდაც იგივე  წინა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას თუ გავიხსენებთ, აქ მონაწილეობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონსტიტუციას. ვენეციის კომისიის შენიშვნების  გასწორება, რომელიც ახლა ხდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა იქნა გასწორებული, ამიტომ ნაწილობრივ ცვლილებებს ჩვენ ვერ დავეთანხმებით და ვერ გავამართლებთ მთლიანობაში ამ უკიდურესად უარყოფით საკონსტიტუციო პროცესს,“-განაცხადა ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

მმართველ გუნდში კი ოპოზიციის პრეტენზიები არ ესმით. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილისთვის გაუგებარია ზუსტად რა არ მოსწონს საპარლამენტო უმცირესობას.

„ვერ ვხვდები  ბლოკების არსებობა არ უნდათ 2020 წლისთვის? სამ პროცენტამდე დაშვება არ უნდათ ბარიერის? 2024 წელს პროპორციული სისტემა არ უნდათ? აი, რას ეწინააღმდეგებიან ეგ არის გაუგებარი. ამიტომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკურ შოუს სწორედ ოპოზიცია დგამს. სწორედ ოპოზიცია ვერ გადის თავისი ოპოზიციური დღის წესრიგიდან. არ შეუძლია თეთრზე თეთრის თქმა და შავზე შავის,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები