საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე დასახელებას, სამოქალაქო სექტორი ეხმაურება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ევა გოცირიძის დანიშვნა მიუღებელია.
მათი შეფასებით, სტრასბურგში დაწუნებული ევა გოცირიძე ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნოს ისეთი პირი, რომელიც იქნება ნეიტრალური, პრინციპული. ჩვენ ევა გოცირიძის საქმიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი საქმიანობის მეორე პერიოდში, მან ვერ გამოავლინა ეს პრინციპულობა. განსაკუთრებით მოსამართლეთა დანიშვნის ეტაპზე, რამაც სასამართლო სისტემა კრიზისში შეიყვანა. ასევე, ჩვენ გვახსოვს ევა გოცირიძის საკმაოდ საშიში ინიციატივა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ ევა გოცირიძეს ხარკს უხდის უკვე ჩატარებული ან ჩასატარებელი სხდომებისთვის.
„ამით ჩნდება ლოგიკური ეჭვი იმისა, რომ მისი მოქმედებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან. ეს არის მთელი ეს ჯაჭვი, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის განვითარებას,“ - აცხადებს IDFI-ის წარმომადგენელი გიორგი ბერაია.