26 დეკემბერი 2024,   14:55
ვრცლად
ტრაგედია ხორავას ქუჩაზე - 3 სრულწლოვანი ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულების აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. 3 სრულწლოვანი ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 17 და 21 წლის ბრალდებულები კი, რომლებსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იცავს, არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება შეეფარდა. 21 წელის ახალგაზრდა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო 17 წლის მოზარდი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

ისინი ბრალდებულ თენგიზ კალანდიას შვილები არიან. თავად კალანდია კი, სასამართლომ დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. თენგიზ კალანდია, რომელიც ბრალს აღიარებს, პირველ დეკემბერს სისხლიანი გარჩევის ადგილზე არასრულწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა და მომხდარი სამართალდამცველებს დაუმალა.

კალანდიების გარდა, ვინ არის კიდევ 2 სრულწლოვანი პირი, ვინც მომხდარის შესახებ იცოდა, მაგრამ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, უცნობია.

პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბრალი უკვე ყველას წაუყენეს, ვის წინააღმდეგაც საქმესთან შემხებლობის რაიმე მტკიცებულება აქვთ.

ამ ეტაპზე, მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ბრალდებულია 7 პირი. 5 დანაშაულის დაფარვისთვის, 2 არასრულწლოვანი კი - განზრახ მკვლელობისთვის. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.

იმ ბრალდებულის, რომელიც სამართალდამცველებს გუშინ ჩაბარდა, ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს და ამბობს, რომ მოწმეებმა ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცეს. სწორედ ამიტომ, ის თვლის, რომ გამოძიებას მოწმეების ხელმეორედ დაკითხვაც მოუწევს. ადვოკატი ღიად ამბობს, რომ არ სჯერა საქმეში მკვლელობის მხოლოდ 2 იარაღის არსებობის.

საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი დღეს დაკრძალეს. საბურთალოს სასაფლაოზე 16 წლის მოსწავლეს, უკანასკნელად, ნათესავებთან ერთად თანასკოლელები და პედაგოგები გამოეთხოვნენ.

ავტორი: ნატა კვირჩილაძე 

დღის ამბები