26 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც - პრეზიდენტი ადამიანის უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთშორისო დღეა. ამ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საზოგადოება არ არის სრულად  თავისუფალი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისგან

"სამწუხაროდ, არც ერთი საზოგადოება არაა სრულად თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. თუმცა უდავოა, რომ ამ თვალსაზრისით ხალხისა და ხელისუფლების ერთსულოვნებას, საერთო მიუღებლობას ყოველგვარი ჩაგვრისა და ძალადობისა და, ამავდროულად, ტოლერანტობის ატმოსფეროს დამკვიდრებას მინიმუმამდე დაჰყავს მსგავსი მოვლენები. ამიტომ, თანასწორობისა და თავისუფლების იდეალთა ჩვენ ყოველდღიურობად ქცევა საზოგადოების თითოეული წევრის უწყვეტ ძალისხმევას ითხოვს. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც," - აცხადებს პრეზიდენტი.

​ადამიანის უფლებების დაცვის დღე 1948 წლის 10 დეკემბრიდან აღინიშნება. ამ დღეს გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ისტორიული დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. მას შემდეგ დეკლარაციის სულისკვეთება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამედროვე პოლიტიკის მიზნებსა და ხასიათს. ნებისმიერი ხელისუფლება იმის მიხედვით ფასდება და განისჯება, თუ რამდენად ერთგულებს უმთავრეს ეთიკურ პრინციპს - „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“. 

დღის ამბები