მომავალი წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩატარდება, რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს. ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის გუნდს შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა, მიზეზი კი დოპინგია.
გაირკვა, რომ რუსი სპორტსმენების უმრავლესობა დოპინგს სისტემატურად და აქტიურად მოიხმარს და გასული თამაშების რუსული გამარჯვებების ძირითადი ნაწილიც სწორედ დოპინგის დამსახურებაა და არა თავად სპორტსმენების. რუსეთის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში კი შარდის გაყალბებით და ნიმუშების ჩანაცვლებით არიან დაკავებული.
როდესაც ამის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და გამოძიება დაიწყო, მოულოდნელად დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებმაც, სავარაუდოდ, ყველაფერი იცოდნენ. ანტიდოპინგური სააგენტოს მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები, ფაქტობრივად, ერთდროულად გარდაიცვალნენ, რამაც დამატებით ეჭვები გააჩინა მათი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით.
გამოძიება გრძელდება. ზამთრის ოლიმპიადაზე კი რამდენიმე რუსი სპორტსმენი შესაძლოა, მაინც გამოჩნდეს, მაგრამ დამოუკიდებლად, ინდივიდუალური შემოწმების შემდეგ. მაგრამ რუსეთის დროშის ქვეშ ვერც ისინი გამოვლენ, მათ ნეიტრალური - ოლიმპიადის დროშა დაამშვენებს.