03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 97 წლისაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 97 წლისაა. ამ მიზნით თსუ-ში რამდენიმე საზეიმო ღონისძიება იმართება. 

რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად პანთეონში უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საფლავები თაიგულებით შეამკეს. 

მოგვიანებით კი უნივერსიტეტში საიუბილეო სხდომა დაიწყება სადაც უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის  თსუ-ს ფაკულტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დაჯილდოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ  1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ტფილისის უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.    

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–სასწავლო დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე  20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.    

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  200-ზე მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად  უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების  უნივერსიტეტებთან  მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვოს ორმაგი აკადემიური ხარისხი.

 

 

დღის ამბები