20 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
1 მილიონი 25 შტატგარეშე თანამშრომლისთვის - "ენმ" კალაძეს ადმინისტრაციული რესურსის ზრდაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობა" კახი კალაძეს ადმინისტრაციული რესურსის ზრდაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ ორი განკარგულება გაასაჯაროვა, რომელიც მერიაში 25 შტატგარეშე თანამშრომლის დასაქმებას უკავშირდება.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მარიკა დათუკიშვილი აღნიშნავს, რომ განკარგულებები 20 და 29 ნოემბერს არის გამოცემული და დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურების ჯამური რაოდენობა ერთ მილიონს უდრის.

მან პარალელი გაავლო თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც, ნარმანიამ მერიაში 625 თანამშრომელი შრომითი ხელშეკრულებით აიყვანა.

„ამ 25 ადამიანის ჯამური ოდენობა ანაზღაურების შეადგენს 1 მილიონ ლარს. თითოეული მათგანის ანაზღაურება განსაზღვრულია 5 ათას 600, 5 ათას 200, 5 ათასი, 4 ათასი და ა.შ. თანხები. ჯამურად ეს თანხა ერთ მილიონ ლარს უდრის და ეს ერთი მილიონი ლარი ჩვენ, თბილისელებმა ჩვენი ჯიბიდან უნდა გადავუხადოთ, კალაძესთან აფილირებულ ადამიანებს,“ - განაცხადა დათუკიშვილმა. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი მრჩევლების საჭიროებას ვერ ხედავს და მერიას ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდის გამო აკრიტიკებს.

„ხდება ბიუროკრატიის დუბლირება, ფაქტობრივად, მერიის ხელმძღვანელ დონეზე. არიან სამსახურები, სამსახურის უფროსები, თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ ხელფასები, ამის გარდა, კიდევ ჩნდებიან მრჩევლები, კიდევ უფრო მაღალი ხელფასებით. აქ ჩნდება შეკითხვა, თუ ეს მრჩევლები ამდენად კომპეტენტურები არიან, ბარემ ისინი გახდნენ სამსახურის უფროსები,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. 

დღის ამბები