03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
ადამიანების ცემაში და წამებაში ბრალდებული პოლიციელი ისევ თანამდებობაზეა

წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ გიორგი კაპანაძეს, გამოძიება ამჯერად იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის ედავება.

ამ კონკრეტული საქმის განხილვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს დარბაზს ალბათ არ გასცდებოდა, რომ არა ერთი გარემოება. უკანასკნელ სხდომაზე, ეჭვმიტანილმა გიორგი კაპანაძემ, საკუთარი დაკავების დეტალურად აღწერისას, სამცხე-ჯავახეთის მთავარი პოლიციელი, თეიმურაზ კალანდაძე ფიზიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

კაპანაძემ მოსამართლეს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი გადაყვანის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც უამბო.

გიორგი კაპანაძის დაკავების დღეს, პოლიციის სამმართველოს შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა სამჯერ რომ გამოიძახეს, საქმეში არსებული დოკუმენტებითაც დასტურდება. ამას გადა დაკავებული, დამოუკიდებელმა ექსპერტმაც გასინჯა.

პროცესს, რომელზეც პატიმარმა მაღალი რანგის პოლიციელები ფიზიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა, ჟურნალისტი თამუნა უჩიძეც ესწრებოდა. ღირსების შემლახავი, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რომელსაც დაკავებულები თეიმურაზ კალანდაძის უწყებაში განიცდიდნენ, მას აქამდეც არაერთი სტატია ჰქონდა დაწერილი, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი, 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ ნაფიცი მსაჯულების მიერ სრულად გამართლებული, 65 წლის სერგეი ბაბაიანის საქმე იყო.

თანამშრომელისთვის შეუფერებელი ქმედებისა და ზნეობრივი და ეთიკური ნორმების დარღვევისთვის სასტიკი საყვედური, თეიმურაზ კალანდაძეს გენ-ინსპექციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ზვიად ჯანყარაშვილმა გამოუცხადა. 2013 წლის, 28 იანვრით დათარიღებულ დოკუმენტს საფუძვლად, პატიმრის მეუღლის საჩივარი დაედო.

მისი მეუღლე პოსტსკრიპტუმთან საუბარისას ამბობს, რომ კალანდაძემ, 8 თვის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მარტოხელა დედა ეცდუნებინა.

კალანდაძესთან პირისპირ შეხვედრა, რთული გადასატანი აღმოჩნდა კიდევ ერთი ქალბატონისთვის. მაყვალა იაკობაძეს სამცხე-ჯავახეთის მთავარ პოლიციელთან ურთიერთობა, ძმის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო მოუწია. პოლიციელები დაკითხვის მსგავს მეთოდს იყენებდნენ მაყვალა იაკობაძის არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართაც.

დედა-შვილის შეურაცხყოფა და წამება რეგიონის სხვადასხვა პოლიციის განყოფილებებში სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

გიორგი კაპანაძის, მაყვალა იაკობაძისა და სერგეი ბაბაიანის შესაძლო ცემის ფაქტზე ოლქის პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმ ვითარებაში, როცა დაზარალებულების მიერ დადანაშაულებული თეიმურაზ კალანდაძე ამავე ოლქის პირველ პოლიციელად რჩება, დასრულდება თუ არა საერთოდ ეს გამოძიება რთული სათქმელია. 

დღის ამბები