03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პოლიციელის მონაწილეობას "ეროვნულ სირცხვილად" მიიჩნევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი პოლიციის თანამშრომელია.

ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა  სასტუმრო „რედისონში” გააკეთა, სადაც ძალოვანი სტრუქტურების რეფორმის საკითხზე მეთერთმეტე საზოგადოებრივი ფორუმი მიმდინარეობს.

დავით უსუფაშვილმა სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე საუბრისას ერთ-ერთ მაგალითად სწორედ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა და მისი გამოძიება მოიყვანა.

”პოლიციელი, რომელიც კრიმინალს ებრძვის, ჩვენ გვინდა, რომ იყოს განათლებული და თავისუფლების პატივისმცემელი, თავისუფლების მოყვარული ადამიანი. აი, მაშინ იქნება ის ისეთი პოლიციელი, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ და აღარ ვიხილოთ ის ეროვნული სირცხვილი, რაც გუშინ მოვისმინეთ. ძიება გრძელდება, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს ეროვნული სირცხვილი იქნება და არა მხოლოდ იმ ერთი ადამიანის სირცხვილი,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები