26 დეკემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"როდესაც ესეთ ადამიანს ასეთი რამე ემართება, როგორიც არის ზვიად რატიანი, ბუნებრივია ეს ყველა ჩვენგანისთვის არის საფრთხე"-დავით ზურაბიშვილი

ზვიად რატიანის სასამართლო პროცესს მისი მეგობრები დაესწრნენ. სხდომის დასრულების შემდეგ, პოეტის ახლობლებმა შეაფასეს როგორც თავად სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე პოლიციის მუშაობა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ზვიად რატიანის საქმე არის ის შემთხვევა როდესაც ცნობილ ადამიანს მიაყენეს შეურაცხყოფა და სცემეს თუმცა სავარაუდოა რომ ასეთი უფრო მეტი შემთხვევა არსებობს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება საპოლიციო კონტროლს, დავით ზურაბიშვილისთვის ასეთი ტიპის კონტროლი მიუღებელია.

„ეს მოხდა ე.წ. რეიდის დროს და საპოლიციო კონტროლის დროს, რაც თავისთავად მეორე უბედურებაა ასეთი ტიპის კონტროლი. როდესაც ესეთ ადამიანს ასეთი რამე ემართება, როგორიც არის ზვიად რატიანი, მას სცემენ, წაიყვანენ და მერე ისეთ მდგომარეობაში მოიყვანენ რომ ორი დღე საავადმყოფოში იყო ადამიანი ტვინის შერყევით, ბუნებრივია ეს ყველა ჩვენგანისთვის არის საფრთხე,“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

თბილისში განხორციელებულ რეიდებს ამაზრზენს უწოდებს ლევან ბერძენიშვილიც. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ამბობს, რომ ამ დროს ხდება პოლიციელების და მოქალაქეების არასასურველი კონტაქტი, რომლის დროსაც ძალიან ხშირად სრულიად უდანაშაულო მოქალაქეები აღმოჩნდებიან რომ არიან თავდამსხმელები და ერთი კაცი სცემს რვა პოლიციელს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა ვიდეო-მტკიცებულებები, რომელიც მობილური ტელეფონით არის გადაღებული და ის ინციდენტის ფრაგმენტებს ასახავს. მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, მოსამართლემ აღნიშნული ვიდეო მასალა მტკიცებულებად ცნო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები