26 დეკემბერი 2024,   15:03
ვრცლად
წყალზე ტარიფი 6 თეთრით გაიზარდება

ელექტროენერგიის შემდეგ უკვე წყალიც ძვირდება.  ამის შესახებ ცნობილი სემეკის სხდომაზე ცოტა ხნის წინ გახდა. 

სემეკის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი 6 თეთრით გაიზრდება. იმ მოქალაქეების კი, რომლებიც არ არიან გამრიცხველიანებულები ტარიფი დაახლოებით 75 თეთრით გაუძვირდებათ. 

რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, სემეკი ტარიფის შემცირებას გეგმავს. 

წყლის ტარიფზე უკვე რამდენიმე საათია მსჯელობენ. ტარიფი, რომელიც დღეს დადგინდა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

ტარიფის გადახედვის მოთხოვნით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა,“ „რუსთავის წყალმა“ და „მცხეთის წყალმა“ მიმართა. სემეკმა კი პროექტი მათი განაცხადის საფუძველზე შეადგინა. 

„იქნება კომპანიის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ეს მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა და ამიტომ კომისია გადაწყვეტს ამ ორი მოსაზრების შეჯერების შემდეგ თუ რამდენი უნდა იყოს სატარიფო განაკვეთები ამ კომპანიებისათვის,“-განაცხადა გოჩა შონიამ.

სემეკმა წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო გეგმები დაამტკიცა.  საუბარია მომდევნო წლებში ამ მიმართულებით დასახარჯ 114 მილიონ ლარზეც, რაც საბოლოო ასახვას სამომხმარებლო ტარიფებზეც ჰპოვებს.

გოჩა შონია განმარტავს, რომ სისტემა ამორტიზირებულია და სტაბილური მიწოდებისთვის ის რეაბილიტაციას საჭიროებს.

„ მათ 2017 წელს განახორციელეს დაახლოებით 55 მილიონი ლარის ინვესტიცია, მომდევნო სამი წლის განმავლობაში აპირებენ დაახლოებით 114 მილიონი ლარის ინვესტიციას. ქსელი არის მოძველებული, ამორტიზირებული, შესაბამისად მას სჭირდება რეაბილიტაცია და იმისათვის, რომ მომხმარებელს მიეწოდოს სტაბილური და მაღალი ხარისხის მომსახურება, საჭიროა ასეთი სახის ინვესტიციების განხორციელება,“-აცხადებს შონია.

ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირველი იანვრიდან შევა ძალაში. 

 

დღის ამბები