09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 16 თებერვლამდე გადადო

ევროკავშირმა, უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გადადებას დაუჭირა მხარი. კიევი მინსკის მოლაპარაკებებზე ამყარებს იმედებს, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება. თითქმის 7 საათს გაგრძელდა ბერლინში ე.წ. ნორმანდიის ფორმატის წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც მინსკის მოლაპარაკების მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვეროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ მინისტრები ერთი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების შედეგებს დაელოდებიან.

"ჩვენ განვიხილეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება სანქციების სიაში დამატებით 19 გვარისა და 9 კომპანიის შეყვანის შესახებ. იმისთვის, რომ ამ წუთებში მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყოს, ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ახალი სანქციები ძალაში არ შევიდეს 16 თებერვლამდე," - განაცხადა მოგერინიმ.

გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და სავჩენკოს პლაკატების თანხლებით ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

ვითარება ისევ დაძაბული რჩება უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც სეპარატისტებმა არმიის პოზიციებზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში 80-მდე იერიში მიიტანეს. დებალცევოს მახლობლად სეპარატისტებმა გრადები გამოიყენეს და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ჭურვი მოხვდა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დონეცკში.

ამავე თემაზე
დღის ამბები