იოანე ზოსიმეს ხელნაწერი თბილისშია - წიგნი ცოტახნის წინ საპატრიარქოში მიიტანეს, რის შემდეგაც უკვე ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ. პალიმფსესტის ნახვა დამთვალიერებელს ხვალიდან შეეძლება. ხელნაწერი ივნისში, ლონდონში, "კრისტის" აუქციონზე 1 მილიონ 250 ათას გირვანქა სტერლინგად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა.
წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე, მოგვიანებით, სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები მეხუთე მეთორმეტე საუკუნეებში პალესტინასა და ტრანს-იორდანიაში ლაპარაკობდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა. უკვე მეათე საუკუნეში იოანე ზოსიმემ მასზე ტექსტი ქართული ანბანით პირადად გადააწერა.
"ეს გახლავთ მორიგი ქველმოქმედების აქტი ფონდი "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მოგეხსენებათ, ათწლეულების განმავლობაში, ფონდი "ქართუ" ეხმარება და გვერდში უდგას ქართულ კულტურას - ჩვენ ვზრუნავთ სხვადასხვა მიმართულებაზე, თუმცა ქართულ კულტურაზე ზრუნვა ჩვენი ფონდის პრიორიტეტია. ამ წლის ზაფხულში, "კრისტის" აუქციონზე მოხდა აღნიშნული ხელნაწერის შეძენა ფონდის მხრიდან. ეს ფონდს დაუჯდა 1 მილიონ 250 ათასი გირვანქა სტერლინგი. არის უნიკალური საისტორიო არტეფაქტი, რომელიც ფონდის მხრიდან გადაეცემა სახელმწიფოს," - აცხადებს საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი.
ავტორი: ნანა გოგატაძე