26 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
დღეს საქართველოს შეემატა ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე, ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძე - ზაზა ბიბილაშვილი 

დღეს საქართველოს შეემატა ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე, მე გესაუბრებით ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეზე - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა.

ბიბილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ბიბილაშვილის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება არის დანაშაულებრივი და ის პასუხს აგებს კანონის წინაშე.

„დღეს საქართველოს შეემატა ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე, მე გესაუბრებით ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეზე. ამ ადამიანმა დღეს განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს. მან განაჩენი გამოუტანა მის დამკვეთებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში. მან განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც მას დავალება მისცა შუშის სასახლეში, შეიძლება ითქვას მთლიანად რეჟიმს. მე, მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“ გარანტიას ვაძლევთ ამ ადამიანს, ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეს, რომ ის აუცილებლად პასუხს აგებს იმაზე, რაც მან დღეს გააკეთა. კანონის სრული სიმკაცრით, კანონის წინაშე,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

"ენმ"-ის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არანაირი საერთო არ აქვს გირგვლიანის საქმესთან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლების - შეწყალების უფლების გამოყენების გამო გაასამართლა.

„დღეს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისთვის. არ დაუჯეროთ იმათ, ვინც გეუბნებათ, რომ თითქოს ეს არის გირგვლიანის საქმე. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე, ეს არის პროკურატურის პროპაგანდა. სინამდვილეში, ეს არის შეწყალების საქმე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ საქმის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის შემდეგ შეიწყალა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი პირი. მათ გაუნახევრდათ სასჯელი და ბევრი მათგანი ერთი წლის მერე, 6 თვის მერე ან გარკვეული ვადის შემდეგ გამოვიდა საპყრობილიდან. არავითარი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია და ვინც ამას გეუბნებათ, არის ან სახელისუფლებო მედია ან უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლების პროპაგანდაში,“ - აცხადებს ბიბილაშვილი.

ზაზა ბიბილაშვილმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა. ბიბილაშვილის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და კანონის უზენაესობა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში კანონი არის ის, რასაც იტყვის ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები