21 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
სარჩელი სოფო კილაძის წინააღმდეგ - კომიტეტის თავმჯდომარეს აპარატის თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

სარჩელი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წინააღმდეგ - სოფო კილაძეს აპარატის მოქმედი თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

პროცესი ორშაბათს არის ჩანიშნული და ელგა ფოლადაშვილი გადაწყვეტილებას უკვე სასამართლოსგან ელოდება. 

ელგა ფოლადაშვილი ყვება, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ მას სამსახურის დატოვება მოსთხოვა. ოფიციალურ მიზეზად კი იურისტის დიპლომის არქონა დაასახელა, თუმცა აპარატის თანამშრომელი ამბობს, რომ სოფო კილაძე სამსახურში საკუთარი ახლობლების მიყვანას გეგმავს.

„მითხრა, რომ ეს ჩემი კომიტეტია და გადაწყვეტილებებს ვიღებ მეო. ამაზე ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ ეს არ არის მისი კომიტეტი, ეს არის პარლამენტის კომიტეტი. ამის შემდგომ მისგან იყო ასეთი სვლა, რომ, თუ მე ჩემი ნებით არ დავწერდი განცხადებას, ის მე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემდა. კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გააკეთებდა ამას, მითხრა, რომ შენ არ ხარ იურისტი, ისეთ დავალებებს დაგავალებ, რომელსაც, როგორც პროფესიით არაიურისტი ადამიანი, ფიზიკურად ვერ გააკეთებს,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის თანამშრომელმა, ელგა ფოლადაშვილმა.

აპარატის თანამშრომლის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორის, ნონა ქურდოვანიძის, თქმით, დისკრიმინაციის დადგენას ითხოვენ. 

„მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც დასაქმება მოხდა მოსარჩელის ამ პოზიციაზე, დამსაქმებლისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ის პროფესიით იურისტი არ იყო,“ - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

 

 

დღის ამბები