16 აპრილი 2024,   21:28
ვრცლად
ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ასეული III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარი შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 6 თვე იმსახურებენ.

ქვედანაყოფი IV მექანიზებული ბრიგადის სატანკო და საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული.

ავღანეთში გამგზავრებამდე ნაკრებმა ასეულმა, მაიორ გიორგი ნოზაძის მეთაურობით, 2 თვიანი მომზადება ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში გაიარა.

გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით ქართველმა სამხედროებმა „შვარცენბორნის“ ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლებები განახორციელეს. ჰამელბურგში სერტიფიცირების შემდეგ, ქვედანაყოფი დადებითად შეფასდა და მზადა არის მასზე დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად.

„აღნიშნული ასეულის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ერთგულებას ნატოსადმი, იმ ვალდებულებებისადმი, რომელიც ნატოს წინაშე ავიღეთ და ვამტკიცებთ, ნატოსთან ერთად, როგორც პარტნიორი და ღირსეული ქვეყანა მსოფლიოში, მშვიდობას და უსაფრთხოებას და ეს ბიჭები ამით სწორედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავენ,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

განცხადება გააკეთა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, ვიცე პოლკოვნიკმა ფრანც იოსებ ნოლტემ.

„ეს საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობისა და ურთიერთობის ძალიან კარგი მაგალითია. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა 2016 წლის ნოემბერში, როდესაც ქართულმა კონტინგენტმა გერმანელი დიპლომატები ავღანეთში საკონსულოზე თავდასხმის დროს იხსნეს, რისთვისაც ძალიან მადლობლები ვართ,“ - განაცხადა ფრანც იოსებ ნოლტემ.

დღის ამბები