19 აპრილი 2024,   20:11
ვრცლად
გართულებული რეგულაციები თურქეთის საზღვრის კვეთაზე - ხმაურიანი საპროტესტო აქცია სარფის საბაჟოზე

ხმაურიანი საპროტესტო აქცია სარფის საბაჟოზე - საქართველოს მოქალაქეები საზღვრის კვეთის გართულებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. მოვაჭრეები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ყოველდღე დადიან შესაძლოა მალე უმუშევრები დარჩნენ.

საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გადასვლაზე შეზღუდვა დაუწესდათ. მათ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე შესვლა აეკრძალებათ.

თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი რეგულაციებით უკმაყოფილოები მხოლოდ საქართველოში არ არიან. მაღაზიები, სადაც ბათუმიდან და მიმდებარე სოფლებიდან სამუშაოდ ყოველდღიურად გადადიან, დღეს დახურული იყო. მეწარმეები ამბობენ, რომ თუ თურქული მხარე ქართველებისთვის გამონაკლისს არ დაუშვებს, ისინიც მნიშვნელოვნად იზარალებენ.

საკითხის გასარკვევად თურქეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გადავიდა. ზურაბ პატარაძე თურქეთის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საქართველოს მოქალაქეებისათვის რეგულაციაში გამონაკლისის დაშვებაზე ისაუბრა. 

ახალ რეგულაციებში საქართველოსთვის გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან დაწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

ახალი რეგულაციები თურქეთის საზღვრის გადაკვეთაზე პირველი იანვრიდან ამოქმედდა.  

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები