19 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
"ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით იმიტომ, რომ მოკვდებოდნენ" - ჯანდაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახურს პასუხობენ

აუდიტის სამსახურის სკანდალურ ინფორმაციას, რომ საქართველოში 30 ათასამდე უვარგისი ვაქცინა გაიხარჯა, ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყებაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ის, რაც წერია პუბლიკაციაში, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს გაცემული აქვს რამდენიმეჯერ არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისათვის. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ რაღაც გამიზნულად ხდება ქვეყანაში დისკრედიტაცია, უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. ეს ვაქცინა 2015 წელს შემოსულია ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, პრე კვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ საუბარია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზეა საუბარი. 

"ამ ვაქცინამ საქართველოში ათასობით ადამიანი გადაარჩინა ცოფისგან ისე, რომ არცერთი გვერდითი მოვლენა არ ჰქონიათ. ასე რომ ვაქცინის ხარისხზე ლაპარაკი კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. ნახევარი მსოფლიო იცრება ვაქცინებით, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით იმიტომ, რომ მოკვდებოდნენ ადამიანები, თუ ცოფის ვაქცინას არ გავუკეთებდით. სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ, უმოკლეს დროში ახალი შემოვიტანეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა არ ვარგოდა,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები