25 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
პოლიციელისთვის სახეზე კბენის გამო, სამ გორელ ახალგაზრდას პატიმრობა ემუქრება

პოლიციის თანამშრომლისთვის სახეზე კბენის გამო კახა წკრიალაშვილს, ლევან ონეზაშვილსა და ვლადიმერ ვართუმაშვილს ბრალი სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. 2 დღის წინ, გორის რაიონში, სოფელ ახალსოფელში ნასვამი ახალგაზრდები ამავე სოფლის პატრულის თანამშრომელთან წაკამათდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, პოლიციელ ნუგზარ საათაშვილს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სახეზე უკბინა. ადგილზე მისულმა პატრულის დამატებითმა ჯგუფმა 2 ახალგაზრდა ადგილზევე დააკავა, ერთმა გაქცევა შეძლო, თუმცა რამდენიმე საათში გამოძიება მის კვალზეც გავიდა.

კამერებთან მხოლოდ ლევან ონეზაშვილის ოჯახის წევრები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება პოლიციელების მხრიდან დაიწყო.

დაშავებული პოლიციელი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაზიანება მძიმე არ ყოფილა და ის მალევე გაწერეს. საავადმყოფოში სამართალდამცავმა თქვა, რომ დაზიანებები შემთხვევით, ნაცნობებმა მიაყენეს.

„კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ნუგზარ საათაშვილი სახლში არ დახვდა, თუმცა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაეკეთებინათ. პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის გამო, დაკავებულებს კი 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები