03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ლარით აღებული სესხების პროცენტი, მინიმუმ, 0,5%-ით გაიზრდება

"ეროვნულმა ბანკმა" რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით  გაზარდა და საერთო ჯამში, განაკვეთმა 4,5% შეადგინა. 

"ეროვნული ბანკის" მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5%-ს შეადგენს. 

როგორც "ეროვნულ ბანკში" აცხადებენ, მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც "გაიზარდა საგარეო შოკის გავლენით საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები". 

მათივე განმარტებით, ინფლაციის მოლოდინის ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულს ქვევით რჩება.

მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 2015 წლის ბოლოს 5%-ის ფარგლებში იქნება. 

ამასთან, "ეროვნული ბანკის" პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ ”იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სესხი ლარით აქვთ გამოტანილი და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სესხის ნახევარი პროცენტით ზრდას გამოიწვევს.” 

"რა თქმა უნდა, თქვენც გესმით, რომ პროპორცია უცხოურ ვალუტით აღებულ სესხს შორის, სადაც სესხის ტვირთი თითქმის 20%-ით გაიზარდა და ნახევარ პროცენტს შორის, ძალიან დიდია," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2015 წლის 25 მარტს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები