03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
3500-ლარიანი სკოლა თაღლითური სქემის გამო დახურულია

სასწავლებლის გარეშე დარჩენილი 120 მოსწავლე - ბავშვებს სკოლაში, სადაც მშობლები 3500 ლარს იხდიან, უკვე ერთი თვეა, ცარიელი კლასები ხვდებათ.

გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლეების მშობლები თაღლითურ სქემაზე ლაპარაკობენ და სკოლის დამფუძნებელს მანანა მოხევიშვილს თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.

რატომ და რა დროით შეჩერდა სასწავლო პროცესი კერძო სკოლაში, მშობლებისთვის ამ დრომდე არ განუმარტავთ. მათ სატელეფონო ზარებს სკოლის დამფუძნებელი არ პასუხობს.

გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლაში მეთორმეტე კლასელებიც სწავლობენ, რომლებმაც წელს საატესტაციო გამოცდები უნდა ჩააბარონ. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესი არ განახლდება, ისინი ატესტატის გარეშე დარჩებიან.

მშობლების ინფორმაციით, ისინი მოსწავლეების გადაყვანას სხვა სკოლაში დოკუმენტაციის არქონის გამო ვერ ახერხებენ.

გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლასთან დაკავშირებით, დღეს განცხადება განათლების მინისტრმაც გააკეთა.

თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ვითარების შესწავლის შემდეგ სასწავლებელს ავტორიზაცია შეუჩერდეს. თუმცა, რა დრო დაჭირდება დოკუმენტაციის შესწავლას და სად ისწავლიან ამ დროის განმავლობაში ხანძთელის სკოლის მოსწავლეები, უცნობია.

შსს-ში საქმეზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავენ.

დღის ამბები