22 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
ადვოკატ გიორგი მახარაძეს, დაკავებულების  ბექა წიქარიშვილის და თორნიკე ბზიავას ნახვის საშუალებას არ აძლევენ 

საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულ "თეთრი ხმაურის" ლიდერის ბექა წიქარიშვილის და მსახიობი თორნიკე ბზიავას საქმეზე, შესაძლოა სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.

დაკავებულების ადვოკატი გიორგი მახარაძე ამ დრომდე ცდილობს შეხვდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფებს, თუმცა მას ამის საშუალებას არ აძლევენ.

„დაცვის უფლებიდან გამომდინარე, მოვითხოვე პროცესამდე მათთან შეხვედრა პოზიციების შესათანხმებლად. თუმცა მანდატურის სამსახური გაურკვეველი მიზეზით, რომ თითქოს რაღაც პროცედურები მიმდინარეობს და მე ვერ დავესწრები, ამის გამო უზღუდავს დაკავებულებს, ბექა წიქარიშვილს და თორნიკე ბზიავას დაცვის სრულყოფილად განხორციელების უფლებას,“ - აცხადებს ადვოკატი გიორგი მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ  ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა  ადმინისტრაციული წესით დააკავეს. საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიება კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ბექა წიქარიშვილს, რომელმაც სასამართლოს კარს აგური ესროლა. ჩამსხვრეულია კარის მინა.

ამ წუთებში კი საქალაქო სასმართლოში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და იმ ადგილს სწავლობენ, სადაც აგურის სროლის შედეგად, სასამართლოს შენობის კარის მინა ჩაიმსხვრა.

ვითარება სასამართლოს ეზოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილება გიორგანაშვილის მხარდამჭერებმა გააპროტესტეს.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები