მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "ბახალა" სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
განაჩენის გამოცხადებამდე მსახიობმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე, რის შემდეგაც მოსამართლემ ის წაყენებულ ბრალში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მოხმარების მიზნით ფლობას ედავება.
მსახიობისთვის დაკავებისას ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტსა და შს თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებების შესაძლო განხორციელებაზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.
ამის შესახებ განცხადება გიორგანაშვილმა დღეს დილით გააკეთა. მსახიობმა განაცხადა, რომ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებამ გუშინ მიაწოდა. თუმცა, საქმეზე დამატებით ინფორმაციას პროკურატურა ამ დრომდე არ ავრცელებს.
მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია აღნიშნული განაჩენი და გავასაჩივრებთ აუცილებლად კონკრეტულ ვადაში. პრაქტიკულად წარმოუდგენელია როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პრაქტიკა, რომ ორი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე, მითუმეტეს როდესაც ნეიტრალური მოწმე გვყავდა საქმეში, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ მას არ დაუნახავს, რომ რომელიმე პოლიციელმა ამოუღო თუ არა გიორგი გიორგანაშვილს კონკრეტული აკრძალული ნივთიერება, ამის საფუძველზე წარმოუდგენელი არის როგორ შეიძლება ადამიანის დამნაშავედ ცნობა,“ - განაცხადა ადვოკატი გიორგი მახარაძემ.
სასამართლო პროცესს დაესწრო "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი. მისი შეფასებით, ის რა გადაწყვეტილებაც დღეს მოსამართლემ მიიღო, არის სამარცხვინო.
"უნდა ცხვენოდეს მოსამართლე შორენა გუნცაძეს ამ გადაწყვეტილების. ცხვენოდეს მთლიანად სასამართლო სისტემას, სახელმწიფოს, რომელიც ამ აბსურდული კანონებით არის და ასამართლებს ადამიანებს. ეს იქნება დამატებითი მოტივაცია და გიორგი გიორგანაშვილს ვპირდები, რომ ის ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს," - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
ავტორი: თაკო სურგულაძე.