23 იანვარი 2022,   13:41
ვრცლად
„ეს არის კომპანიაში ტექნიკური ჯგუფის და ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობა," - სპეციალისტი გიორგი ბაბუნაშვილი მეტროსადგურში მომხდარ ფაქტზე საუბრობს

სპეციალისტები მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევას ეხმაურებიან. ინციდენტს, რომლის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ისინი იმ რეკომენდაციების იგნორირებას უკავშირებენ, რითიც მათ არაერთხელ მიმართეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

სპეციალისტი გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ იძლეოდა რეკომენდაციას, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი მასალების მეტროში გამოყენება. 

„ეს არის კომპანიაში ტექნიკური ჯგუფის და ხელმძღვანელობის არა კომპეტენტურობა, რომელთაც თავის დროზე ჩაატარეს ეს ტენდერი და შეადგინეს ტექნიკური დავალება. ჩვენი ორგანიზაცია, ნახევარი წლის წინ, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, ჩვენ მაშინვე ვაძლევდით გარკვეულ ტექნიკურ რეკომენდაციებს, რომ ჭერის ამგვარად გაკეთება არ შეიძლება. კონკრეტული რეკომენდაცია იყო რომ ეს ჭერი ჯობდა საერთოდ არ გაკეთებულიყო, რადგანაც მეტრო პოლიტენში, ზოგადად თაღისებრ ჭერს არ ადაბლებენ ხელოვნურად. პირიქით ცდილობენ, მაქსიმალური სივრცე შექმნან და ეს პარაზიტული დატვირთვა, რომელიც არანაირ ფუნქციას არ ასრულებდა იმ სადგურში, იყო უბრალოდ დამატებული. მასალა იყო მინა მაგნეზიტი გამოყენებული. ეს არის ტენდერით ტექნიკური დოკუმენტაციით, რაც საჯაროდ არის ცნობილი. პრინციპში მისი ადგილი მეტროში არ არის, მეტრო არის სტრუქტურა, რომელიც ვერ იტანს დამატებით უსარგებლო კონსტრუქციებს“ - განაცხადა გიორგი ბაბუნაშვილმა.

”ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაკიდული ჭერის ადგილი მეტროპოლიტენში არ არის.

„პირდაპირ ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ამას ხელმძღვანელობდა და რომელმაც ჩაიბარა ეს სარეაბილიტაციო სამუშაო, პირდაპირ არის პიროვნულად პასუხისმგებელი ეს ადამინები იმაზე, რაც მოხდა. სხვა ანალოგიური დაკიდული ჭერის პრობლემა, საბედნიეროდ არ არის,“ - განაცხადა გიორგი ბაბუნაშვილმა.

კიდევ ერთი სპეციალისტი, მეტრომშენებელი აბესალომ ყურაშვილი ამბობს, რომ საინტერესოა როგორ შეამოწმეს ჭერის გამძლეობა, თუ საერთოდ არ შემოწმებულა ის.

დღის ამბები