23 იანვარი 2022,   12:53
ვრცლად
პანიკა, ქაოსი და დაშავებულები მეტროსადგურ „ვარკეთილში“ - მოსაცდელ დარბაზში ჭერის კონსტრუქცია სრულად ჩამოიშალა

პანიკა და ქაოსი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ - ბაქანზე ჭერის კონსტრუქციის ქვეშ 20-ზე მეტი ადამიანი მოჰყვა. მეტროში მომხდარი ნგრევის დროს 14 მოქალაქე დაშავდა, აქედან, ორი მძიმედ.

თვითმხილველი, გიორგი საკარული იხსენებს, რომ სადგურში ჭერი დილით იმ დროს ჩამოიშალა, როდესაც მგზავრთა ნაწილი გაჩერებულ მატარებელში უნდა შესულიყო. ხალხს ასობით კილოგრამი რკინის კონსტრუქცია და მაგნეზიტის ფილები თავზე დაეცა.

ნგრევის დროს მეტროსადგურში მყოფი მგზავრები პანიკამ მოიცვა, ჭერის ჩამონგრევის შემდეგ, ბაქანზე მტვრის ბუღი დადგა, რამაც ხილვადობა შეამცირა.

მეტროს ბაქანზე ჭერის ჩამონგრევის დროს იყვნენ არასრულწლოვნებიც. მათ სხეულის დაზიანება არ მიუღიათ.

ბაქანზე ჭერის ასობით კილოგრამის კონსტრუქციის ჩამოშლის შემდეგ, მეტროსადგურში ჩაქრა ელექტროენერგიაც. დაშავებულები მიწის ზემოთ საკუთარი ძალებით, მოგვიანებით კი სამაშველო სამსახურის დახმარებით ავიდნენ.

შემთხვევის ადგილზე დღეს საკრებულოს წევრები და დედაქალაქის მერი მივიდნენ. ამ დრომდე ავარიის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობენ.

მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამ ჩამოშალა მოსაცდელ დარბაზში ჭერის სრული კონსტრუქცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთა და დედაქალაქის ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა.

ნგრევის შემდეგ მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაკეტილია. 

ავტორი: თამთა ჯიქია.

ამავე თემაზე
დღის ამბები